English / ქართული / русский /
მაკა სოსანიძელალი ოსაძე
ციფრული მარკეტინგი პანდემიის პირობებში

ანოტაცია. ნაშრომში ნაჩვენებია ციფრული მარკეტინგის არსი, ტრადიციული მარკეტინგსა და  ციფრულ  მარკეტინგს შორის განსხვავება. ასევე განხილულია მომხმარებლის ქცევის ცვლილება და ციფრული მარკეტინგის მნიშვნელობა  თანამედროვე პირობებში.

საკვანძო სიტყვები: ციფრული მარკეტინგი,მომხმარებლის ქცევა,პანდემია, COVID– 19. 

შესავალი

მარკეტინგის კონცეფცია მუდმივად  ტრანსფორმირდება ახალი ტექნოლოგიების ზემოქმედებით. 2020 წელი გახდა კრიტიკული როგორც მარკეტინგის ისე მთლიანად მსოფლიო ეკონომიკის განვითარებაში. ახალმა ვირუსულმა ინფექციამ აიძულა დედამიწის მოსახლეობა მაქსიმალურად შეეზღუდა  კონტაქტები და მოეხდინა იზოლაცია. ამან შექმნა ახალი რეალობა. საფრთხის წინაშე აღმოჩნდა  ერთი მხრივ ადამიანთა სიცოცხლე, მეორე მხრივ მრავალი კომპანია. ამიტომ კომპანიები მალევე გადაეწყვნენ ციფრულ მარკეტინგზე.

ის კომპანიები, რომლებიც ადრე ახდენდნენ  ციფრული ტექნოლოგიების იგნორირებას, დღეს ვალდებულები არიან მოარგონ თავისი სტრატეგია და ორგანიზაციული კულტურა შეცვლილ რეალობას. 

ციფრული მარკეტინგი  არის ზოგადი ტერმინი, რომელიც გულისხმობს საქონლისა და მომსახურების მიზნობრივ და ინტერაქტიულ მარკეტინგს, რომელიც იყენებს ციფრულ ტექნოლოგიებს პოტენციური მომხმარებლების მოსაზიდად და მათ შესანარჩუნებლად. ციფრული მარკეტინგის ძირითადი მიზნებია ბრენდის პოპულარიზაცია და გაყიდვების ზრდა სხვადასხვა ტექნიკის საშუალებით. ციფრული მარკეტინგი მოიცავს მრავალფეროვან მარკეტინგულ ტაქტიკას, პროდუქტების, მომსახურების და ბრენდების პოპულარიზაციის მიზნით.

XXI საუკუნე მომხმარებლის საუკუნედ მიიჩნევა, რადგან დღეს ნებისმიერი კომპანიის არსებობა დამოკიდებულია იმაზე თუ რას ყიდულობს მომხმარებელი. დღეს ნებისმიერი კომპანიის მარკეტინგის სტრატეგიის მთავარი ამოცანაა მომხმარებელთა საჭიროებისა და მოთხოვნილებების განსაზღვრა და მათთვის მოსაწონი საქონლის შეთავაზება. ახალ საუკუნეში შეიცვალა მომხმარებლის ცხოვრების წესიც. თუ წლების წინ მოსახლეობის დიდი ნაწილი მეტ დროს უთმობდა ერთთმანეთთან უშუალო კომუნიკაციას, სავაჭრო ობიექტებში იძენდა საჭირო პროდუქტს, ან სასურველი სერვისის მისაღებას რიგებში ლოდინი და დროის ხარჯვა უწევდა, დღეს  ურთიერთობისა დაა ოპერაციების ფორმატმა ელექტრონული სახე მიიღო. ონლაინ სივრცე ის ადგილია, სადაც მომხმარებელს შეუძლია დროისა და ფულადი სახსრების მინიმალური დანახარჯებით მიიღოს მისთვის სასურველი პროდუქტი ან მომსახურება.

დღეს როდესაც მსოფლიო ვითარდება არნახული სისწრაფით, ნებისმიერი ბიზნესის წარმატებისთვის საჭიროა თანამედროვე ინოვაციებისთვის ფეხის აწყობა, მათი მაქსიმალურად გამოყენება საკუთარი პროდუქციის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისათვის, პოტენციურ მომხმარებლებთან კავშირის დამყარებისა და მათი მოზიდვისათვის. ამის საშულებას ძალიან მარტივად იძლევა ონლაინ სივრცე, რომელიც კომპანიებს აკავშირებს თითქმის ყველა სახის მომხმარებლებთან. კომპანიებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი ხდება ინტერნეტი, როგორც კომუნიკაციის ეფექტიანი საშუალება. ისინი ქმნიან საკუთარ  ვებგვერდებს, ინტერნეტშივე აწყობენ კონკურსებს, აქციებს, აქტიურობენ სოციალურ ქსელებში. ამგვარად, ინტერნეტი პროდუქტის შეთავაზების საუკეთესო საშუალებად იქცა. ინტერნეტს აქვს სწორედ ის უნიკალური თვისებები რომელიც მას განსაკუთრებულს ხდის მარკეტოლოგებისთვის.  მათ შორის აღსანიშნავია: სწრაფი კომუნიკაციის დამყარების, ინფორმაციის წამიერად მიწოდების და ონლაინ გაყიდვების განხორციელების უნარი. ეს კი შესანიშნავი შესაძლებლობაა ნებისმიერი კომპანიისათვის, რომელსაც სურს პროდუქციის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა და საკუთარი პროდუქციის მომხმარებელთა რაოდენობის სწრაფი ზრდა [ციფრული მარკეტინგი გზა საკუთრებიდან წარმატებულ ბიზნესამდე].

ყოველივე ამან მიგვიყვანა მარკეტინგის განვითარების ახალ ეტაპამდე − ციფრული მარკეტინგის განვითარებამდე, რაც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას გულისხმობს. ციფრული მარკეტინგი, რომელიც დაფუძნებულია მომხმარებელთან ელექტრონული საშუალებებით კომუნიკაციაზე, ყველაზე უფრო მძლავრი და ეფექტური საინფორმაციო რესურსია. გავრცელებული მოსაზრების თანახმად, ციფრული მარკეტინგის სათავე სწორედ ინტერნეტს უკავშირდება და მისი განვითარების ისტორია პირადპირ არის დაკავშირებული ერთიანი მსოფლიო კომპიუტერული ქსელის შექმნასთან.

ციფრული მარკეტინგის ჩამოყალიბებისა და განვითარების ისტორიამ განაპირობა ის, რომ დღეს ციფრული მარკეტინგი არ გულისხმობს მხოლოდ ონლაინ გაყიდვების საიტებს და ონლაინ რეკლამას, არამედ ყველა სახის ციფრული არხის გამოყენებით სამომხმარებლო ბაზრის კვლევას, პროდუქციის მიზნობრივი ჯგუფების იდენტიფიცირებას, სწორი რეკლამირებისა და გაყიდვების სტიმულირებას. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ტექნოლოგიურმა მიღწევებმა კომპანიებს სმარტფონების, თანამედროვე სახის კომპიუტერული ტექნიკისა და საოჯახო ტექნიკის პლატფორმების გამოყენებით მომხმარებელთან კავშირის დამყარების შესაძლებლობა მისცა. სხვადასხვა ქვეყნებში წარმატებული მარკეტოლოგები იყენებენ განსხვავებულ მიდგომებს, თუმცა მათი მიზანი ერთია: შეიმუშაონ ციფრულ არხებთან დაკავშირებული სტრატეგია და დაუკავშირდნენ იმ  მომხმარებლებს, რომლებიც დიდ დროს ატარებენ ონალინ სივრცეში, თავის სმარტფონებთან, კომპიუტერებთან და სხვა სახის თანამედროვე ტექნოლოგიებთან. ამისათვის ისინი იყენებენ ციფრული მარკეტინგის სხვადასხვა ბერკეტებს, როგორებიცაა: ციფრული რეკლამა, იმეილ მარკეტინგი, ონლაინ ბროშურები და ა.შ.         

ტრადიციული მარკეტინგისგან განსხვავებით, ციფრული მარკეტინგი კომპანიას ეხმარება მომხმარებელთან დიალოგის დამყარებაში, ის გაცილებით მცირეხარჯიანია და ქმნის პროდუქტისა თუ მომსახურების მომხმარებელთან სწორად მიტანის შესაძლებლობას. მიუხედავად იმისა, რომ ციფრულ მარკეტინგსა და ინტერნეტმარკეტინგს შორის არის მსგავსება და მათ აქვთ მსგავსი მახასიათებლები, თუნდაც მჭიდრო კავშირი ინტერნეტთან, ციფრული მარკეტინგი მაინც უფრო ფართო ცნებაა და გარდა ონლაინ არხებისა ის იყენებს ქვემოთ ჩამოთვლილ არხებს: 1. ლოკალური და სოციალური ქსელები; 2. ვებგვერდები; 3. ოფლაინ მაღაზიები; 4. ციფრული ტელევიზია, კომპიუტერები და პლანშეტები; 5. სმარტფონები და მობილური აპლიკაციები; 6. ციფრული ხელოვნება და ციფრული გაჯეტები; 7. თვითმომსახურების და POS ტერმინალები. ციფრულ მარკეტინგს გააჩნია თავისი ინსტრუმენტები, ესენია: E-mail მარკეტინგი - ციფრული მარკეტინგის ყველაზე ძველი, შეიძლება ითქვას პირველი ფორმაა. ვებგვერდი, სოციალური მედია, ონლაინ რეკლამა, მობილური აპლიკაციები, მოკლე ტექსტური შეტყობინება, ბლოგები, ვირუსული მარკეტინგი და სხვა.

ციფრული მარკეტინგის არსი არ არის  რაც შეიძლება მეტი ახალი ტექნოლოგიის დანერგვა. ეს ტექნოლოგიები ორგანიზაციებს წარმატების მიღწევის საშუალებას აძლევს მხოლოდ მაშინ, როდესაც მათი ბრენდების ციფრული ტრანსფორმაცია ხდება შეგნებულად და მიზანმიმართულად. ციფრული მარკეტინგის მოწინავე ინსტრუმენტების  გამოყენების შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგების მიღება მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუ მარკეტოლოგები იცნობენ თავიანთი მომხმარებლებს, მათ გამოწვევებს და ფარული საჭიროებებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მთავარია არა ის, რომელ ინსტრუმენტებს ვიყენებთ, არამედ რატომ და როგორ ვიყენებთ მათ [ Маркетинг в эпоху цифровых  технологий 2020].

კორონავირუსთან ბრძოლის ღონისძიებებმა მოითხოვა უნივერსალური თვითიზოლაციის რეჟიმის შემოღება. საკმაოდ კარგად განვითარებული სატელეკომუნიკაციო და IT სექტორის ფონზე, მომხმარებელთა თვითიზოლირებამ და საკარანტინო ზომებმა, რომლებიც გულისხმობს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების მონახულების აკრძალვას, სამომხმარებლო ჩვევების შეცვლა გამოიწვია. ამ ყველაფერმა თავის მხრივ გავლენა მოახდინა სამომხმარებლო ბაზრის სტრუქტურაზე.

პანდემიამ მოახდინა მომხმარებელთა ქცევის ახალი მოდელის ფორმირება. დღეს მომხმარებლები ნაკლებს კი არ ხარჯავენ, არამედ მათ უბრალოდ სხვაგვარად დაიწყეს ხარჯვა. ფუფუნების საგნების ნაცვლად, ისინი  უპირატესობას ანიჭებენ მათთვის ყველაზე მნიშვნელოვან საქონელს და მომსახურებას. შექმნილ ვითარებაში, მაღაზიაში ყოველი წასვლა ან საქმიანი შეხვედრის ორგანიზება აჩენს შფოთის შეგრძნებას, დაკავშირებულს პანდემიასთან. ამ რეალობაში აღსანიშნავია, რომ აშშ – ს მომხმარებელთა 62% უფრო ხშირად ყიდულობს საქონელს ინტერნეტის საშუალებითს ვიდრე COVID – მდე. ამერიკელი მომხმარებლების 74,6%  თავს იკავებენ ხალხმრავალ სავაჭრო ცენტრებში სიარულისგან, ხოლო 52,7%  თავს არიდებს ზოგადად მაღაზიებს; 2020 წელს მოდის სფეროში ელექტრონული გაყიდვების  ყველა ძირითადი მაჩვენებელი 2019 წლიდან შემცირებულია. ხოლო ტანსაცმლის, სამკაულისა და აქსესუარების გაყიდვიდან  შემოსავალი საბაზისო მაჩვენებელზე 30%-ზე მეტით შემცირდა. კომპანიის  მფლობელები თავიანთი ბიუჯეტის მეტ ნაწილს აბანდებენ  მარკეტინგში, რათა არ დაუშვან  გაყიდვების  დაეცემა [ obzor-statistiki-vliyanie-koronavirusa-na-marketing-2020].

როგორ შეცვალა პანდემიამ მომხმარებელთა ქცევა  საქართველოში? პანდემიის პერიოდში ძირითადი მოთხოვნა და საერთო გაყიდვების 60% თავის მოვლის საშუალებებზე მოდიოდა. რაც  შეეხება ლოქდაუნის შემდგომ პერიოდს, როდესაც გადაადგილება და სურსათთან წვდომა მომხმარებლისთვის შედარებით გამარტივდა, ეს ტენდენციაც შეიცვალა და საკვებ პროდუქტებზე მოთხოვნის პროცენტულმა მაჩვენებელმაც იკლო. გაიზარდა მოთხოვნა ელექტროტექნიკაზე, ტანსაცმლის კატეგორიაზე, თავის მოვლის საშუალებებზე და სხვა [Маркетинг в эпоху цифровых  технологий 2020].

ზაფხულის სეზონის მიწურულს ძალიან აქტუალური გახდა სასწავლო წლისთვის მზადება.   მომხმარებელს შესთავაზეს 70%-მდე ფასდაკლებები 50-მდე პარტნიორი მაღაზიის მიერ წარდგენილ 2000-ზე მეტ აქტუალურ პროდუქტზე. გამომდინარე აქედან გაიზარდა მოთხოვნა ისეთ კატეგორიებზე, როგორიცაა: საკანცელარიო, წიგნები და სახელმძღვანელოები, ლეპტოპები და კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონები და მათი აქსესუარები, სასკოლო ჩანთები, ტანსაცმელი, აქსესუარები და სხვა [https://commersant.ge/ge/post, პანდემიამ მომხმარებელთა ქცევა შეცვალა  2020].

კორონავირუსით გამოწვეულმა ცვლილებებმა ბიძგი მისცა კომპანიებს, სწრაფად მოეხდინათ გადაწყობა ციფრულ პლატფორმებზე, გაეკეთებინათ სწორება ელექტრონულ კომერციაზე. თუმცა, მარკეტოლოგებმა ეს რეაქცია შეაფასეს როგორც, გარკვეულწილად, დაგვიანებული, გარედან იძულებით ნაკარნახევი. მათი აზრით, ელექტრონული კომერციის დაუფასებლობამ და ციფრული მარკეტინგის გადავადებამ ბიზნესს წლები დააკარგვინა. ბევრ სექტორში მარკეტინგმა რეალობაზე რეაგირება დააგვიანა. გაციფრულების გამოწვევა COVID-ამდეც ცხადი იყო, თუმცა ბევრმა ბიზნესმა და ბევრმა მარკეტერმაც ტრადიციულ ფორმატში დარჩენა ამჯობინა. მაგალითისთვის: ელ-კომერციის სერვისის მოხმარება აქამდეც ხელმოსაწვდომი იყო თუმცა ბევრ კომპანიას არათუ ელექტრონული გაყიდვა და მიწოდება, ვებგვერდიც არ ჰქონდა. მივიწყებული იყო ის სიგნალები, რომელსაც ბაზარი აშკარად აგზავნიდა და მხოლოდ კრიზისთან შეჯახების დროს მოხდა ბევრ რამეზე რეაგირება. მარკეტინგმა უკვე  მიიღო გაერთიანებული სახე,ის აღარ მოიაზრება ცალკეულ და დამოუკიდებელ ერთეულად,არამედ ის აერთიანებს ბრენდს, მენეჯმენტს, მომხმარებლელს და მასთან დაკავშირებულ გამოცდილება [ა. მიროი2020 ]. 

დასკვნა

ბოლო წლებში აქტიურად იცვლება მარკეტინგი, მისი ინსტრუმენტები და ტექნიკა. პანდემია გახდა ძლიერი კატალიზატორი ამ ცვლილებებისა. COVID-19- ის შემდგომი სამყარო იგივე არ იქნება, თუმცა არავინ იცის ზუსტად როგორი იქნება ახალი რეალობა. აშკარაა, რომ სამყარო არ დაუბრუნდება თავის წინა მდგომარეობას. ამიტომ მარკეტოლოგებმა  სისტემატურად უნდა აკონტროლონ ტენდენციები და მაჩვენებლები, უნდა  ისწრაფონ თამამი ცვლილებების შეტანისკენ მარკეტინგის სტრატეგიაში, რათა უზრუნველყონ ორგანიზაციის მოქნილობის გაზრდა. ნებისმიერი კრიზისი, პირველ რიგში, შესაძლებლობებია, ჩვენ უბრალოდ უნდა დავინახოთ. 

გამოყენებული ლიტერატურა 

  1. ციფრული მარკეტინგი გზა საკუთრებიდან წარმატებულ ბიზნესამდე  --პროექტი ზრდა საქართველოში USAID 2018 http://zrda.georgianeo.ge/Files/cifruli%20marketingi-pdf
  2. ა.მიროი -ფორსმაჟორულ სიტუაციაში მომხმარებლის ქცევის შესწავლა ქართულ ბაზარზე 2020
  3. https://act-global.com/news  COVID 19 – შესაძლებლობები, თუ გამოწვევები მარკეტერებისთვის?
  4. https://commersant.ge/ge/post, პანდემიამ მომხმარებელთა ქცევა შეცვალა  2020 16.19
  5.  https://www.croc.ru/resources/marketing-in-the-digital-age/ Маркетинг в эпоху цифровых  технологий 2020
  1. https://vc.ru/marketing/118008-obzor- statistiki-vliyanie-koronavirusa-na-marketing- elektronnuyu-kommerciyu-i-reklamu 2020